X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ევროკავშირისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთში მხარდაჭერილი პროექტები მოინახულეს

1 დეკემბერი 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივმა დელეგაციამ, კახეთში „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერა.

ევროკავშირისა და სამინისტროს წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში გაეცნობიან კახეთში პროგრამით დაფინანსებულ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მანავის ციხესთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორნაბუჯის ციხესთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული განვითარების სამუშაოებს; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანის ბიოსფერულ რეზერვატს. ასევე, განიხილავენ თელავში, ყვარელსა და  ლაგოდეხში დაგეგმილ პროექტებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და  მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. ამასთან, საპილოტე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები თანადაფინანსდება მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან.  

პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერების და სხვა მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებშიც წარდგენილი მუნიციპალური პროექტების შეფასდა და შეირჩა შესაბამისი რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ. საბჭოების შემადგენლობაშიც შედიან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით მასში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები.

საპილოტე პროგრამა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პროგრამა პირველად საქართველოში ხორციელდება.

პროგრამას ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გრანტების პირველი ნაწილის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია. 2020 წლის ივლისში დაფინანსდა 11 მუნიციპალიტეტის (ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის) პროექტები.

პროგრამით დაფინანსებულ  პროექტებს კახეთში მოინახულებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.